ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 238 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა: 161 ათასი ტონა რქაწითელი, 64 ათასი ტონა საფერავი, ოთხი ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
სააგენტოს ცნობით, კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 23 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 250 მლნ ლარს აღწევს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მოსავლის დაბინავება კახეთში შეუფერხებლად გრძელდება, ყოველდღიური გადამუშავება ხუთი-ექვსი ათასი ტონის ფარგლებშია.
მიმდინარე წელს, პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1 000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
ამასთან, შესყიდულ კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. შესყიდვისას ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: კილოგრამ რქაწითელსა და კილოგრამ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.