რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით წყვეტს მუშაობას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.
„უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა (თერგი და დევდორაკი) დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი), საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.
ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივად მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს მიმდინარე მოვლენების შესახებ“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.