რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.