რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, გზებზე შეზღუდვები მოქმედებს.
უწყების ცნობით, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია.
„ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ4–კმ98 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ასევე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვა, ნამქერები) გამო, თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ1-კმ24 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
ამასთან, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია ფარავნის უღელტეხილზე.
„ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აცხადებენ უწყებაში.
გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.