„რთული ბრექსიტის“ შემთხვევაში, ლონდონი 3500 სამხედრო მოსამსახურის მობილიზაციას განახორციელებს
„რთული ბრექსიტის“ შემთხვევაში, ლონდონი 3500 სამხედრო მოსამსახურის მობილიზაციას განახორციელებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
გევინ უილიამსონის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯის საშუალებით ხელისუფლება ნებისმიერ გაუთვალისწინებელ გარემოებას გაუმკლავდება. თავდაცვის მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთისთვის პრიორიტეტი ბრიუსელთან უკვე არსებული შეთანხმების შენარჩუნებაა, თუმცა ბრიტანეთი „ბრექსიტის“ ნებისმიერი ფორმისთვის მზად უნდა იყოს.
25 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ „ბრექსიტის“ 585-გვერდიან შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ამასთან, შეხვედრის დროს მხარეებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკურ დეკლარაციას, რომელიც „ბრექსიტის“ შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დარეგულირებას ითვალისწინებს.
4 დეკემბერს კი გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხუთდღიანი დებატები დაიწყო. „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე საბოლოო კენჭისყრა თავდაპირველად 11 დეკემბერს იყო დანიშნული, თუმცა მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ კენჭისყრა 2019 წლის იანვრამდე გადადო.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.