„როსტურიზმი“ - 2019 წლის რვა ივლისის შემდეგ ორგანიზებული ტურები საქართველოში 4183 რუს ტურისტს ჰქონდა შეძენილი, აქედან 1359-მა გააუქმა, 2 854-მა კი, სხვა მიმართულებით აიღო
2019 წლის რვა ივლისის შემდეგ ორგანიზებული ტურები საქართველოში 4 183 რუს ტურისტს ჰქონდა შეძენილი, აქედან 1 359-მა ტურები გააუქმა და ტუროპერატორებისგან კომპენსაცია მიიღო, 2 854 ტურისტმა კი, ტურები სხვა მიმართულებით აიღო. შესაბამის მონაცემებს რუსული მედია „როსტურიზმზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, „როსტურიზმის“ ცნობით, ყველა რუსი ტურისტი, რომელსაც ორგანიზებული ტურის ვადა რვა ივლისის შემდეგ ეწურებოდა, რუსეთში დაბრუნდა.
როგორც „როსტურიზმი“ აღნიშნავს, ყველა ავიაკომპანიამ ბილეთების თანხა სრულად აანაზღაურა და გამონაკლისს „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოადგენს, რომელიც ბილეთების დაბრუნების განაცხადს 90-დღიან განხილვის ვადით ითხოვს.
რუსეთის ხელისუფლების რეკომენდაციით, ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა 22 ივნისს შეაჩერეს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა დროებით შეწყდა.