როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა პარლამენტის შენობაში ზვიად გამსახურდიას პორტრეტი განათავსეს
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა პარლამენტის შენობაში, სასესიო დარბაზის მოპირდაპირედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პორტრეტი განათავსეს.
„ორი დღის წინ იყო დიდი ქართველი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის საიბულეო თარიღი, რაც არანაირად არ შეიმჩნია ჩვენმა ხელისუფლებამ და პატივი არ მიაგო სახელმწიფოებრივ დონეზე. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ხელისუფლება ჯიუტად მისდევს 29 წლის წინ დანერგილ საზოგადოებისთვის დამაბნეველ და ისტორიულ სიყალბეს, რომ ჩვენს ქვეყნის დამოუკიდებლობა უნდა გვეზეიმა არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს.
თბილისში არ არის არც ზვიად გამსახურდიას ძეგლი და არც მისი გამოსახულება პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურმა ჯგუფმა, „თავისუფლებამ“ რამდენჯერმე მიმართა პარლამენტს, ზვიად გამსახურდიას პორტრეტი ისევე ყოფილიყო საკანონმდებლო ორგანოში, როგორც არის ილიასი, თამარ მეფის თუ პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლების, ეს არ იქნა მიღებული. ამიტომ მე და როსტომ ჩხეიძე იმ უსამართლობას და უკანონობას გამოვასწორებთ და ზვიად გამსახურდიას ფოტოს მივუჩენთ იმ ადგილს, რომელიც მას უნდა დაეკავებინა. იმედი გვაქვს, პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ბრძანებით ოფიციალურად დააკანონებს ზვიად გამსახურდიას გამოსახულებას პარლამენტის შენობაში“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.