„როსპოტრებნადზორი“ მოსახლეობას ურჩევს, პიკის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან თავი შეიკავონ
რუსეთის სანიტარული სამსახური „როსპოტრებნადზორი“ ახალი კოორნავირუსის გავრცელების გამო მოქალაქეებს პიკის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ სავაჭრო ცენტრებში, სპორტულ ღონისძიებებზე, მისვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„როსპოტრებნადზორი“ ასევე მოსახლეობას ხელების ხშირი დაბანისკენ, ელექტრონული მოწყობილობების დეზინფექციისა და საზოგადოებრივ ადგილებში ერთჯერადი სამედიცინო ნიღბების გამოყენებისკენ მოუწოდებს.
ამას გარდა, რეკომენდირებულია, რომ მოქალაქეებმა თავი აარიდონ ვირუსის სიმპტომების მქონე პირებთან კონტაქტებს. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 20 შემთხვევაა დადასტურებული.