„როსპოტრებნადზორი“ აცხადებს, რომ  საქართველოდან იმპორტირებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი უარესდება
„როსპოტრებნადზორი“ აცხადებს, რომ  საქართველოდან იმპორტირებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი უარესდება

„როსპოტრებნადზორმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთში იმპორტირებული ქართული ღვინის ხარისხი უარესდება.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური სისტემატურად ატარებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ალკოჰოლური პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლს, რაც დინამიკაში აჩვენებს აღნიშნული პროდუქციის ხარისხის გაუარესებას“, – ნათქვამია „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2014-2018 წლებში სავალდებულო მოთხოვნებთან შეუსაბამო ქართული ალკოჰოლური პროდუქციის რაოდენობა 2,9-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 203 ათასი ლიტრი შეადგინა. „როსპოტრებნადზორი“ ღვინის მწარმოებელი კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, მათ შორისაა: „ბაგრატიონი 1882“, „ბოლერი ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, კორპორაცია „ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“.

„მითითებული პროდუქციის ყველა პარტია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ დაუშვეს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

„როსპოტრებნადზორში“ აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე კონტროლი გაძლიერდა.