„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველი, „კომერსანტის“ ყოფილი ჟურნალისტი ივან საფრონოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს
„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველი ივან საფრონოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ივან საფრონოვი ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და ნატო-ს სპეცსამსახურების ერთ-ერთ წარმომადგენელს აწვდიდა. მას სახელმწიფო ღალატის მუხლით წაუყენეს ბრალი. თუმცა, საფრონოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ივან საფრონოვი 2010-2019 წლებში იყო გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტი. „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის, დიმიტრი როგოზინის მრჩევლად კი მაისის ბოლოს დაინიშნა.
ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა მას წინასწარ პატიმრობაში.