მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტი ივან საფრონოვი სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო და 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტი ივან საფრონოვი სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო და 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გამოცემების „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილი სპეციალური კორესპონდენტი ივან საფრონოვი სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო და 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა საფრონოვისთვის 24-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

ჟურნალისტს ასევე 500 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. ბრალდებულის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. საფრონოვი დანაშაულს არ აღიარებს.

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, სასამართლო სხდომაზე, სადაც განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო, საფრონოვის მხარდასაჭერად რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა. ჟურნალისტებს ბრალდებულისთვის ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება აუკრძალეს.

ივან საფრონოვი 2020 წლის ივნისში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა საფრონოვს უცხოური სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში დასდო ბრალი. მაშინ ის „როსკოსმოში“ მუშაობდა სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელ დიმიტრი როგოზინის მრჩევლად. ამ თანამდებობაზე მუშაობა მან დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. მანამდე ის თითქმის ათი წელი იყო ჯერ „კომერსანტის“, შემდეგ კი „ვედომოსტის“ სპეციალური კორესპონდენტი და გამოცემებისთვის რუსეთის თავდაცით-სამრეწველო კომპლექსზე, კოსმოსურ მრეწველობაზე, რუსული იარაღის ექსპორტსა და რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ საერთაშორისო თანამშრომლობაზე წერდა.

უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. „ბიბისის“ ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა საფრონოვზე თვალთვალი 2019 წელს გამოქვეყნებულ მის ექსკლუზიურ პუბლიკაციასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ დაიწყეს. სტატია ეგვიპტისთვის „სუ-35“-ების გადაცემას ეხებოდა.