მოსკოვის სასამართლომ „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველ ივან საფრონოვს აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
მოსკოვის სასამართლომ „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველ ივან საფრონოვს აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ დირექტორის მრჩეველს, ივან საფრონოვს აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. საფრონოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.

30 წლის საფრონოვი გამოცემების „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილი ჟურნალისტია. მედიაში მუშაობის დროს ის აშუქებდა სამრეწველო თავდაცვის, კოსმოსური მრეწველობის საქმიანობას, ასევე აშუქებდა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს. „როსკომოსის“ გენერალური დირექტორის დიმიტრი რიგოზინის მრჩევლად მუშაობა მან მაისში დაიწყო.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ის ეჭვმიტანილია ნატო-ს ერთ-ერთი წევრი ქვეყნისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემაში, რომელიც ეხება რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, თავდაცვასა და უსაფრთხოებას.

საფრონოვის დაკავების გასაპროტესტებლად მოსკოვში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ჟურნალისტებიც და უფლებადამცველი აქტივისტები მონაწილეობდნენ. დემონსტრაციაზე 20-მდე ადამიანი დააკავეს.

დატოვე კომენტარი