როს უილსონი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ „როსს“ ორი რუსული სამხედრო ხომალდი აედევნა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ „როსს“ ორი რუსული სამხედრო ხომალდი აედევნა.
„ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის, რომ თვალ-ყური ადევნოს, გამოედევნოს ასეთ აქტივობებს, როცა ამერიკის თუ სხვა ქვეყნების საზღვაო გემების განლაგება ხდება. თუმცა, ეს არის ჩვენი უფლება, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით განვახორციელოთ ამგვარი ოპერაციები, ალბათ უფრო რუსეთს უნდა მიმართოთ, რა რისკებს ხედავენ ამაში“, – განაცხადა როს უილსონმა.
ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი „იუესეს როსი“ (USS Ross) 21 აპრილს შემოვიდა. ეს აღნიშნული გემის პირველი ვიზიტია საქართველოში. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სამხედრო ხომალდის ეკიპაჟის წევრები, ქართველ კოლეგებთან ერთად, ერთობლივ წვრთნებს 25 აპრილს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი სპორტული ღონისძიებების ჩატარება.