როს უილსონი - ნაბიჯები, რაც საქართველოში დემოკრატიის გასაუმჯობესებლად, ქვეყნის წარმატებისა და არჩევნების უკეთ ჩასატარებლად უნდა გადაიდგას, კომპლექსურია
საქართველომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა, თუმცა სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშებში მითითებულია გარკვეული პრობლემებისა და ხარვეზების შესახებაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ კონფერენციის გახსნამდე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ კონფერენციაზე განიხილება არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და ნაბიჯები, რაც საქართველომ უნდა გადადგას, რომ გააუმჯობესოს არჩევნების ჩატარება და გააძლიეროს დემოკრატია.
„ჩემს სრულ შეფასებას გამოსვლისთვის შემოვინახავ, თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ასევე აღვნიშნავ, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშებში, ეს იქნება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში, ასევე საელჩოს საკუთარ შეფასებაში არის მითითებული გარკვეულ პრობლემებსა და ხარვეზებზეც, რისი გადაჭრაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის წარმატებული და დემოკრატიული განვითარებისათვის“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
უილსონის თქმით, ის ამ პროცესში პარლამენტარებისა და სხვა სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობას მიესალმება.
კითხვაზე, რა არის ამ მხრივ ფუნდამენტური პრობლემა, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მრავალი საკითხია ერთმანეთთან დაკავშირებული და საუკეთესო გზა არის არა ერთი, ორი ან სამი საკითხის, არამედ მათი მთლიანობაში, კომპლექსურად განხილვა.
„რასაც დღეს გავაკეთებთ კონფერენციაზე და ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას დემოკრატიის გასაუმჯობესებლად, ზოგადად, ქვეყნის წარმატებისთვის და არჩევნების უკეთესად ჩასატარებლად, არის კომპლექსური და ნაბიჯ-ნაბიჯ გასაკეთებელი“,- განაცხადა როს უილსონმა.
სასტუმროში „ბილტმორ თბილისში“ თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ კონფერენცია იმართება.