როს უილსონი - აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის გამარჯვება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი მიიღო.
საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობას, ასევე განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. შეხვედრაზე ასევე შეფასდა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.
„არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ. დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა”, – განაცხადა პატრიარქმა.
ელჩის მოვალეობის შემსრულების თქმით კი, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის გამარჯვება.
„ჩემი პირადი შეხედულება გახლავთ, რომ საქართველომ უნდა გადალახოს ეს. დემოკრატია თავის თავში გულისხმობს როგორც გამარჯვებას, ასევე დამარცხებასაც და ვფიქრობ, რომ ბრძენმა ლიდერებმა, რომლებიც ზრუნავენ თავის ქვეყანაზე და ასევე ზრუნავენ თავისი პარტიის გრძელვადიან წარმატებაზე, უნდა აღიარონ ეს. მე ასევე ვურჩიე საქართველოს მთავრობასაც, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რაც გასცეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მოახდინონ იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც არსებობდა. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის გამარჯვება“, – განაცხადა ელჩმა.
შეხვედრის დასასრულს, ილია მეორემ როს უილსონს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.