როს უილსონი - 9 აპრილს გამოჩნდა ქართველი ხალხის შეუპოვრობა, ტრაგედიასთან გამკლავებისა და ჩაგვრისგან თავის დაღწევის უნარი
ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას საკუთარი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნებისათვის, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განაცხადა.
როს უილსონმა დღეს თბილისში მდებარე საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი მოინახულა.
„9 აპრილს ჩემთვის დიდი პატივია, მოვინახულო თბილისის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც წარმოჩენილია ქვეყანაში მომხდარი ისტორიული მოვლენები და ადამიანები, რომლებმაც დიდი ტანჯვა გამოიარეს და ქვეყნისათვის თავი გაწირეს. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის იმ ნაწილმა, რომელიც ეძღვნება 1989 წლის აპრილის მოვლენებს, რაც მე კარგად მახსოვს, რადგან იმ პერიოდში მოსკოვში, ამერიკის საელჩოში ვმსახურობდი. ის, რაც ამ მუზეუმშია წარმოდგენილი, ასახავს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რა დროსაც გამოჩნდა ქართველი ხალხის შეუპოვრობა, ტრაგედიასთან გამკლავებისა და ჩაგვრისგან თავის დაღწევის უნარი – რაც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის შექმნის პირველი დღეებიდან, ადრეული1920-იანი წლებიდან გამეფდა“, – აღნიშნა უილსონმა.
მისივე თქმით, დღესაც გრძელდება რუსეთთან სირთულეები სხვადასხვა ფორმით: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ზეწოლა მთავრობასა და პოლიტიკურ სისტემაზე, დეზინფორმაციის გავრცელება, პროპაგანდა და სხვა პრობლემები.
„ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას საკუთარი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნებისათვის. მე ვურჩევ ყველა ქართველს, მოინახულოს ეს მუზეუმი, რათა უფრო მეტი შეიტყოს საკუთარი ისტორიის შესახებ. ასევე ვურჩევ ამერიკელებსაც, მოინახულონ მუზეუმი, რათა გაიგონ, რას წარმოადგენს ეს ქვეყანა და რატომ არის მისთვის ამერიკული ღირებულებები ესოდენ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა უილსონმა.