ბრაზილიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ რონალდო დე ასის მორეირას, რომელსაც გულშემატკივარი რონალდინიოს სახელით იცნობს, ბრაზილიის პროკურატურამ რამდენიმე აქტივი ჩამოართვა და ამის მიზეზი გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო ჯარიმის გადაუხდელობა გახდა. პროკურატურამ ქალაქ პორტუ-ალეგრიში მდებარე სახლში, რომლის მფლობელები რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო დე ასის მორეირა არიან, ჩხრეკის ორდერი გასცა და ჩამორთმეულ აქტივებს შორის ფიგურირებს ორი ავტომობილი „ბე-ემ-ვე“, ერთი ავტომობილი „მერსედეს-ბენცი“, ტელევიზორები და სნუკერის მაგიდა.
რაც შეეხება ზემოხსენებულ ჯარიმას, მისი გადახდა რონალდინიოს 2007 წელს დაეკისრა, როდესაც „რონალდინიო გაუჩოს ინსტიტუტის“ მშენებლობისას გარემოს გარკვეული ზიანი მიადგა. ინფორმაცია ჯარიმის ოდენობის თაობაზე არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა ქალაქ პორტუ-ალეგრის კლუბ „გრემიოში“ დაიწყო, 2001 წელს კი ევროპაში გაემგზავრა და „პარი სენ-ჟერმენთან“ გააფორმა კონტრაქტი. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ფეხბურთელი ბარსელონაში გადავიდა, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
თამაშობდა აგრეთვე იტალიურ „მილანში“, ბრაზილიურ „ფლუმინენსეში“, „ფლამენგოსა“ და „ატლეტიკო მინეიროში“, ასევე მექსიკურ „კერეტაროში“.
აქტიურ სპორტს თავი 2015 წელს დაანება.