რონალდინიოს 14 წლის ვაჟმა კრუზეიროსთან არაპროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის, რონალდინიოს 14 წლის ვაჟმა ჟოაო მენდეშმა პირველი არაპროფესიული კონტრაქტი გააფორმა ბრაზილიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ კრუზეიროსთან.
ბრაზილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ხელშეკრულება ექვსწლიანია და მისი მოქმედება შეწყდება მაშინ, როცა ჟოაო მენდეშს 20 წელი შეუსრულდება.
„ამ ფეხბურთელს გააჩნია შესანიშნავი თვისებები. დარწმუნებული ვარ, მალე მას პროფესიონალებში გადავიყვანთ“, – განაცხადა კრუზეიროს ახალგაზრდული გუნდების დირექტორმა ამარილდო რიბეირომ.
„ამ გუნდმა გამიღო კარი, მე მას ძალიან ვარ მიჯაჭვული. ვარჯიშები მომწონს, სტრუქტურაც. ეს ყველაზე დიდი კლუბია ბრაზილიაში და აქ სასიამოვნოა თამაში. დღეს ძალიან ბედნიერი დღეა და მე ხელმძღვანელობის მადლიერი ვარ ნდობისთვის. ვოცნებობ, რომ ერთხელაც კრუზეიროსთან პროფესიული კონტრაქტი გავაფორმო, გოლი გავიტანო სავსე მინეირაოზე და ის გულშემატკივრებს მივუძღვნა“, – თქვა ჟოაომ.
რონალდინიოს ვაჟი კრუზეიროს სტრუქტურაში 2018 წლის აგვისტოდან მოხვდა.