რომსა და ტირანას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, მიგრანტთა პირველი ჯგუფი იტალიიდან ალბანეთში ჩაიყვანეს, სადაც დროებითი განთავსების ორი ცენტრი ამოქმედდა
რომსა და ტირანას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში მიგრანტთა პირველი ჯგუფი იტალიიდან ალბანეთში ჩაიყვანეს.
„როიტერის“ ცნობით, იტალიის საზღვაო ძალების ხომალდი „ლიბრა“ ალბანეთის ყოფილ სამხედრო-საზღვაო პორტში შევიდა, სადაც მას იტალიელი ოფიცრები დახვდნენ. მიგრანტთა პირველი ჯგუფი 16 პირისგან შედგება, რომლებიც იტალიაში ჩასვლას ლიბიიდან გამოსული ნავებით ცდილობდნენ.
პორტში მიგრანტებს შეამოწმებენ, შემდეგ კი ალბანეთის პატარა სოფელ გიადერში გადაიყვანენ, სადაც დოკუმენტების გაფორმების დასრულებამდე დარჩებიან. თავშესაფრის მოთხოვნაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მათ იტალიაში გადაიყვანენ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი სამშობლოში დააბრუნებენ.
ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში ალბანეთში მიგრანტთა დროებითი განთავსების ორი ცენტრი 11 ოქტომბერს ამოქმედდა. ამ შეთანხმებამ უკვე მიიპყრო სხვა დასავლური ქვეყნების ყურადღება, რომლებიც ცდილობენ, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული მიგრანტების მზარდი ნაკადი შეაკავონ.