რომის პაპმა აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე მყოფი მიგრანტების დასახმარებლად 500 000 დოლარი გადარიცხა
რომის პაპმა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და მექსიკის საზღვარზე მყოფი მიგრანტების დასახმარებლად 500 000 დოლარი გადარიცხა.
როგორც „ვატიკან ნიუსი“ იუწყება, აღნიშნული თანხა 27 პროექტის განხორციელებაზე დაიხარჯება. საუბარია იმ მიგრანტთა დახმარებაზე, რომლებიც მექსიკაში ჰონდურასიდან, სალვადორიდან და გვატემალიდან ჩავიდნენ. შემდეგ ისინი აშშ-ში გადასვლას აპირებენ.
საქველმოქმედო ორგანიზაციების ინფორმაციით, შარშან მექსიკაში 75 ათასი ადამიანი ჩავიდა. კათოლიკური ეკლესია უკვე ეხმარება მათ პირველადი დანიშნულების საგნებით, მედიკამენტებითა და საკვებით. ასევე უზრუნველყოფს მიგრანტებს თავშესაფრით.
შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ არაერთხელ გააკრიტიკა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე კედელი ააშენოს.