რომის პაპი - მე ყველას გვერდით ვარ, როგორც პალესტინელების, ისე ისრაელელების, იარაღი უნდა გაჩერდეს, ის არასდროს მოიტანს მშვიდობას, კმარა, ძმებო
რომის პაპი ფრანცისკე ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ ფრანცისკემ თავის ყოველკვირეული ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა ღაზაში დაშავებულებისთვის დაუყოვნებლივი დახმარების აღმოჩენა და მეტი ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება. როგორც რომის პაპმა აღნიშნა, ის ყოველდღიურად ფიქრობს ისრაელსა და პალესტინურ ტერიტორიებზე.
„ჩემი ფიქრები ყოველდღე მიემართება ისრაელსა და პალესტინაში ძალიან სერიოზული სიტუაციისკენ. მე ყველას გვერდით ვარ, ვინც იტანჯება, როგორც პალესტინელების, ისე ისრაელელების. მე მათ ამ ბნელ მომენტში ვიხუტებ და მათთვის ბევრს ვლოცულობ. იარაღი უნდა გაჩერდეს, ის არასდროს მოიტანს მშვიდობას და კონფლიქტი არ უნდა გაფართოვდეს. საკმარისია, კმარა, ძმებო, კმარა. დაე, ღაზაში დაუყოვნებლივი დახმარება მიიღონ. მოქალაქეები უნდა იყვნენ დაცულები და მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უნდა მიეწოდოს დატანჯულ მოსახლეობას. მძევლები, რომელთა შორის ბევრი ხანდაზმული და ბავშვია, უნდა გათავისუფლდნენ“, – განაცხადა პონტიფიკოსმა.