რომის პაპი ერაყში შიიტების უმაღლეს სულიერ ლიდერს შეხვდა
რომის პაპი ერაყში შიიტების უმაღლეს სულიერ ლიდერს შეხვდა

რომის პაპი ფრანცისკე ერაყში შიიტების უმაღლეს სულიერ ლიდერს შეხვდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, პონტიფიკოსისა და აიათოლა ას-სისტანის მოლაპარაკებები ერაყში რომის პაპის ისტორიული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ აიათოლა ას-სისტანიმ განაცხადა, რომ ერაყელ ქრისტიანებსა და სხვა რელიგიის მიმდევრებს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ. მისივე თქმით, ერაყელი ქრისტიანების დაცვა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

„ქრისტიანები უნდა ცხოვრობდნენ ისე, როგორც სხვა ერაყელები, უსაფრთხოდ და მშვიდობიანად. მათ ყველა კონსტიტუციური უფლება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა აიათოლამ.

მისივე თქმით, რელიგიურმა ლიდერებმა უნდა დაიცვან ისინი, ვინც ბოლო წლებში უსამართლობის გამო დაზარალდა.

თავის მხრივ, რომის პაპმა მადლობა გადაუხადა აიათოლას, რომ მან ხმა აიმაღლა „ყველაზე სუსტებისა და დევნილების დასაცავად“.

რომის პაპი ერაყში პირველად ჩავიდა. მისი ვიზიტი ოთხდღიანია. ფრანცისკე დღეს გაემგზავრება ანტიკურ ქალაქ ურში, სადაც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრაა დაგეგმილი. დღეს საღამოს კი რომის პაპი ბაღდადში მესას აღავლენს.