რომის პაპი ერაყში ძალადობისა და ექსტრემიზმის დასრულების მოწოდებით გამოვიდა
რომის პაპი ერაყში ძალადობისა და ექსტრემიზმის დასრულების მოწოდებით გამოვიდა.
ერაყის პრეზიდენტთან, ბარჰამ სალიჰთან შეხვედრის დროს კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა თქვა, რომ „ცივილიზაციის აკვანში“ სტუმრობა მისთვის სასიხარულო მოვლენაა.
„დაე, გაჩუმდეს იარაღების შეჯახება, დაე, დასრულდეს ძალადობისა და ექსტრემიზმის აქტები, დაყოფა და შეუწყნარებლობა. ერაყმა განიცადა ომების დამანგრეველი შედეგები, ხშირად ფუნდამენტალიზმზე დაფუძნებული ტერორიზმისა და რელიგიათაშორისი კონფლიქტების უბედურება, რომელსაც არ შეუძლი, მიიღოს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრება“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
რომის პაპმა ერაყელ ქრისტიანებს მიმართა და თქვა, რომ მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მეტი როლი უნდა ჰქონდეთ. პაპმა ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ ერაყის მრავალფეროვნება „ძვირფასი რესურსია“ და არა დაბრკოლება.
6 მარტს რომის პაპი შიიტების წმინდა ქალაქ ნაჯაფში გაფრინდება, სადაც აიათოლა ალი ალ-სისტანს შეხვდება.