რომის პაპი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ტურნეს ფარგლებში ინდონეზიაში ჩავიდა
რომის პაპი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ტურნეს ფარგლებში ინდონეზიაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ჯაკარტის აეროპორტში თვითმფრინავიდან 87 წლის პინტიფიკოსი ეტლით ლიფტის საშუალებით გადმოვიდა. აეროპორტში მას ინდონეზიის რელიგიურ საკითხთა მინისტრი, ვატიკანის ელჩი და რამდენიმე ეპისკოპოსი დახვდა.
ვატიკანის საელჩოში მისვლის შემდეგ ფრანცისკე ინდონეზიაში მცხოვრებ ლტოლვილთა ჯგუფს შეხვდა, რომელთა შორის იყვნენ სომალელი და შრილანკელი პირები, ასევე მიანმარიდან ჩასული როჰინჯა ლტოლვილები. ხვალ ფრანცისკე ინდონეზიის პოლიტიკურ ლიდერებს მიმართავს, შემდეგ დღეს კი მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ აზიის უდიდეს მეჩეთში რელიგიათაშორის შეხვედრაში.
მომავალი 10 დღის განმავლობაში რომის პაპი ფრანცისკე ასევე ეწვევა აღმოსავლეთ ტიმორს, სინგაპურს და პაპუა-ახალ გვინეას. როგორც სააგენტო „როიტერი’“ წერს, მოსალოდნელია, რომ ტურნეს ფარგლებში რომის პაპი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ქმედებების მოწოდებით გამოვა.