რომის პაპი აცხადებს, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვისა და მოლაპარაკებების დაწყების გამბედაობა
უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, – ეს განცხადება რომის პაპმა, ფრანცისკემ შვეიცარიული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ინტერვიუ თებერვალშია ჩაწერილი და სატელევიზიო ეთერში 20 მარტს გავა.
პაპს კითხვა დაუსვეს სხვადასხვა მხარეთა შორის დებატებზე, რომლის ერთი ნაწილიც ფიქრობს, რომ უკრაინა უნდა დანებდეს, რადგან ვერ შეძლო რუსეთის შეჩერება, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეს აგრესორის ქცევის ლეგიტიმაციას ახდენს. ინტერვიუს დროს ტერმინი „თეთრი დროშა“ თავდაპირველად ჟურნალისტმა გამოიყენა.
„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი არის ის, ვინც სიტუაციას უყურებს, ფიქრობს ხალხზე, „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა აქვს და აწარმოებს მოლაპარაკებებს. სიტყვა „მოლაპარაკებები” ვაჟკაცური სიტყვაა. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე არ მიდის კარგად, უნდა გქონდეს მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობა“, – განაცხადა რომის პაპმა.