რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო კონფერენციაში Uniting Business Europe მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „Uniting Business Europe”.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი იყო, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, კერძო სექტორის წვლილის შეფასება. გაიმართა დისკუსია, თუ რა კრიტიკული როლი აქვს კრიზისის დროს ბიზნესის ლიდერობას, პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომას, გლობალურ ტენდენციებს, მექანიზმებს და პარტნიორობას 2030 წლის დღის წესრიგის სრულად მისაღწევად. მაღალი დონის პანელურ განხილვებში დისკუსიისას, რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მიღების საკითხებზე, არსებულ გამოწვევებზე და პერსპექტივებზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებს დგამს მთავრობა ისეთი პოლიტიკური გარემოსა და მარეგულირებელი ბაზის შესაქმნელად, რაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიების განვითარებას წაახალისებს.
„ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ასამაღლებლად ძალზე მნიშვნელოვანია. ჰიდროენერგიის წარმოებაზე ორიენტირებიდან გამომდინარე, ქვეყანამ განახლებადი ენერგიის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა. ეს ხაზგასმულია სტრატეგიულ და პოლიტიკის დოკუმენტში „საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებს შესახებ,“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მან დისკუსიის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდაჭერის სქემაზე, რომლის ფარგლებშიც პირველი 300 მგვტ სიმძლავრის აუქციონი უკვე წარმატებით ჩატარდა, მეორე კი შემოდგომაზე გაიმართება,“- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
თავის გამოსვლაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება სხვადასხვა დონის დაინტერესებული მხარეების, მათ შორის მთავრობის, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების როლისა და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობის აუცილებლობასა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოხმარების წახალისებაზე.