რომეო მიქაუტაძე - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ვეხმარებით პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ აფართოებენ წარმადობას, არამედ ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს
რომეო მიქაუტაძე - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ვეხმარებით პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ აფართოებენ წარმადობას, არამედ ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს

ზესტაფონში კომპანია „საქკაბელმა“ სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გადაიარაღებული საწარმოო სივრცე და ახალი შოურუმი გახსნა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დაესწრო.

„განახლებულ საწარმოო სივრცეში „საქკაბელი“ უშვებს ახალ, ენერგოეფექტურ პროდუქციას, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. ჩვენ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ვეხმარებით ისეთ პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ აფართოებენ წარმადობას და ასორტიმენტს, არამედ ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს და თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდაში. ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედება „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციით მოხდა. შედეგად, ვხედავთ მოდერნიზებულ საწარმოს, აღჭურვილს მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საწარმომ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის. „საქკაბელი“ ის კომპანიაა, რომლის ნაწარმიც ექსპორტზეც გადის, ახალ საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის წარმოება კი ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ.

„საქკაბელმა“, „აწარმოე საქართველოში“-ს ბიზნესუნივერსალის პროგრამის მხარდაჭერით, სესხის პროცენტის სუბსიდირებით ისარგებლა. კომპანიამ საწარმოში მანქანა-დანადგარები განაახლა და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი სოლარკაბელების წარმოება დაიწყო. საწარმომ ხარისხის ევროპული სერტიფიკატი აიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ „საქკაბელის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ყველა სათანადო სტანდარტს აკმაყოფილებს. ინვესტიციის შედეგად კომპანიაში 35 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.