2017 წელს მსოფლიოში შეიარაღებაზე დახარჯულმა საერთო თანხამ 1,739 მილიარდი დოლარი შეადგინა. მონაცემებს სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტი ავრცელებს.
როგორც მკვლევარები ამბობენ, 2017 წელს შეიარაღებაზე გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 2,2 % დაიხარჯა. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის თითოეული მცხოვრები წელიწადში 230 დოლარს იარაღის შესყიდვაზე ხარჯავს.
2017 წელს შეიარაღებაზე ყველაზე მეტი ხუთმა ქვეყანამ დახარჯა. ესენია: აშშ, ჩინეთი, საუდის არაბეთი, რუსეთი და ინდოეთი. ამ ქვეყნებზე მოდის გლობალურად დახარჯული თანხის 60%.
ევროპა და რუსეთი
ევროპაში შეიარაღებაზე შარშან 2016 წელთან შედარებით, 2,2%-ით ნაკლები დახარჯეს. სულ 342 მილიარდი დოლარი. თუ შევადარებთ დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ხარჯებს, გამოდის, რომ ამ თანხის უმეტესობა- 245 მილიონი დოლარი დასავლთ ევროპის ქვეყნებზე მოდის.
კვლევის ავტორთა მონაცემებით, 2017 წელს შემცირდა რუსეთის სამხედრო ხარჯებიც და ამ რიცხვმა 66,3 მილიარდი შეადგინა. სპეციალისტების თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა 1998 წლიდან, როდესაც მოსკოვის სამხედრო ხარჯები შემცირდა. „ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია რუსეთის პრიორიტეტად რჩება, თუმცა თავდაცვის ბიუჯეტი შეიკვეცა იმ ეკონომიკური პრობლემების გამო, რასაც ქვეყანა 2014 წლიდან წააწყდა“, – ამბობენ კვლევის ავტორები.
2017 წელს ევროპაში სამხედრო ხარჯების ყველაზე მკვეთრი ზრდა რუმინეთმა აჩვენა, რომელმაც 2016 წელთან შედარებით, შეიარაღებაზე 50%-ით მეტი დახარჯა. სულ 4 მილიონი დოლარი. ამის მიზეზად ექსპერტები რუმინეთის მთავრობის მიერ დაწყებულ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროგრამას ასახელებენ.
21%-ით არის გაზრდილი ლატვიის და ლიტვის თავდაცვის ბიუჯეტი. რაც შეეხება უკრაინას, სამხედრო ხარჯები 10%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, რეალურად შეიარაღებაზე 2%-ით ნაკლები დაიხარჯა.
როგორც კვლევის ავტორები ამტკიცებენ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკვე განაცხადეს, რომ ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას აპირებენ, ამის გამო ექსპერტები ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდას ვარაუდობენ. მათივე თქმით, ამის წინაპირობას ქმნის რუსეთისა და ევროპის დაძაბული ურთიერთობები, რის გამოც რამდენიმე ქვეყანა თავდაცვის ხარჯების გაზრდას აპირებს.
2017 წლის რეიტინგში სამხედრო ხარჯებით მოწინავე პოზიციებს 4 ევროპული ქვეყანა იკავებს. საფრანგეთი მე-6, დიდი ბრიტანეთი მე-7, გერმანია მე-9 და იტალია მე-12 ადგილზეა. თუმცა, საფრანგეთმა ხარჯები შარშანდელთან შედარებით 1,9%-ით შეამცირა. ამის მიზეზი საფრანგეთის მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გადაწყვეტილება იყო. უმნიშვნელოდ, 0,5%-ით არის გაზრდილი გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ხარჯები. 3,5%-ით მეტი დახარჯა შეიარაღებაზე გერმანიამ. ბერლინმა 2017 წელს 44,3 მილიარდი გაიღო, ამ ნიშნულით გერმანიამ 1999 წლის რეკორდს მიაღწია.
ცენტრალურ ევროპაში ყველაზე მეტს იარაღზე პოლონეთი ხარჯავდა.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა
ამ რეგიონის ქვეყნებმა 2017 წელს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაზე და იარაღის შესყიდვაზე 695 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც გლობალური სამხედრო ხარჯის 40%-ს შეადგენს.
ამ თანხის დიდი ნაწილი – 610 მილიარდი აშშ-ზე მოდის. თუმცა, 2008 წელთან შედარებით ხარჯები 13%-ითაა შემცირებული. თუმცა, როგორც ცნობილია, აშშ-ის 2018 წლის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯებზე 700 მილიარდამდეა დაგეგმილი.
ექსპერტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ბრაზილიის ხელისუფლების მიერ სამხედრო ხარჯების 6,3%-ით გაზრდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შარშან ბრაზილიაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი იყო.
აზია
აზიის რეგიონში სამხედრო ხარჯები უკვე 29-ე წელია სტაბილურად იზრდება. ეს პირველ რიგში ჩინეთის გამო ხდება. პეკინის მიერ შეიარაღებაზე დახარჯულმა თანხამ შარშან 228 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საინტერესოა, რომ 2008 წლიდან 2017 წლამდე აზიის რეგიონის 4 ქვეყანაში სამხედრო ხარჯები 100%-ით გაიზარდა. ეს სახელმწიფოებია: კამბოჯა, ბანგლადეში, ინდონეზია და ჩინეთი.
როგორც სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტში აცხადებენ, ჩინეთის გამალებულმა შეიარაღებამ რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე იმოქმედა. განსაკუთრებით ეს შეეტყო სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიაში მდებარე სახელმწიფოებს, რომლებიც უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში სულ უფრო მეტ იარაღს ყიდულობენ. მათ შორის იყო ვიეტნამიც.
„ეს ქვეყნები ჩინეთის ამბიციების გამო, თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ“ – აცხადებენ ანგარიშის ავტორები.
ახალო აღმოსავლეთი
ამ რეგიონში სამხედრო ხარჯების დათვლა სათანადოდ ვერ მოხერხდა. როგორც სტოკჰოლმში განაცხადეს, ყატარიდან, სირიიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და იემენიდან სანდო ინფორმაციის მიღება შეუძლებელია.
შეიარაღების შესყიდვით რეგიონის ერთპიროვნული ლიდერი საუდის არაბეთია. შარშან ერ-რიადმა შეიარაღებაზე 69,4 მილიარდი დახარჯა. მკვეთრად არის გაზრდილი ირანის და ერაყის სამხედრო ხარჯიც.
არაბეთის გაერთიანებული სამეფოდან მიღებული სანდო მონაცემების მიხედვით, 2014 წელს ამ ქვეყანამ იარაღზე 20 მილიარდი დოლარი დახარჯა. როგორც ექსპერტები ამბობენ, სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი დღეს გაზრდილია.
რაც შეეხება თურქეთს, ანკარამ 2017 წელს შეიარაღებაზე 18,2 მილიარდი დოლარი დახარჯა. თურქეთი სამხედრო ხარჯებით მსოფლიოში მე-15 ადგილზეა
აფრიკა
აფრიკაში 2017 წელს სამხედრო ხარჯები 0,5%-ით შემცირდა და სულ 42,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი, 10 მილიარდი დოლარი ალჟირმა დახარჯა, თუმცა შარშანდელთან შედარებით ხარჯი 5,2%-ითაა შემცირებული.
დასკვნის სახით, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მოპოვებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მსოფლიოში 2017 წელს კვლავ არასტაბილური მდგომარეობა იყო.