კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა, ამნისტიის აქტი, ძირითადად, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება.
ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან/და თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა აანაზღაურა დანაშაულის ჩადენის შედგად მიყენებული ზიანი.
კანონპროექტის ინიციატორი აღნიშნავს, რომ ამნისტიის აქტის მოქმედების სფეროში მოქცეულ ქმედებათა უდიდესი ნაწილი არაძალადობრივი ხასიათით გამოირჩევა, ამასთან, მათ შორის არ არის კორუფციული დანაშაულები და არ არის არც ერთი ისეთი ქმედება, რომელმაც თუნდაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
პროექტის თანახმად, იმ პირების საერთო რაოდენობა, რომლებსაც, სავარაუდოდ სრულად შეეხებათ ამნისტია, ასეთია: 800-მდე პირობით მსჯავრდებული (აქედან 270-მდე პირი – ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის); 240-მდე პირი, რომელსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან თანამდებობის დაკავების/საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
იმ პირების რაოდენობა კი, რომლებსაც ნაწილობრივ შეეხებათ ამნისტია, ვინაიდან ისინი გასამართლებულნი არიან სსკ-ის სხვა მუხლების მიხედვითაც (დანაშაულთა ერთობლიობა), ასეთია: 700-მდე პირობით მსჯავრდებული (აქედან 330-მდე პირი – ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის); 30-მდე პირი, რომელსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან თანამდებობის დაკავების/ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაულები:
- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;
- ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით;
- ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით;
- ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით;
- შრომის დაცვის წესის დარღვევა;
- წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება, გარდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა,
- ფალსიფიკაცია, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება;
- პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა;
- საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას;
- გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას;
- საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა;
- გულგრილობა;
- ცეცხლსასროლი იარაღის, მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
- ხულიგნობა;
- სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა;
- ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა;
- სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა;
- ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება,
- გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა;
- ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა;
- ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება;
- მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება;
- იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება;
- ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა;
- სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა;
- უკანონო თევზჭერა;
- უკანონო ნადირობა;
- წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება;
- სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება;
- დეზერტირობა;
- სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება;
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაულები: ქურდობა; სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა.
დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა; ძალადობა, გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა; მომხმარებლის მოტყუება; ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.
დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა: თაღლითობა; მითვისება ან გაფლანგვა; ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; ნივთის დაზიანება ან განადგურება.
დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა: ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია; კრედიტის უკანონოდ მიღება ან/და ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ნარკოტიკული დანაშაული), უვადო თავისუფლების აღკვეთა გარდაექმნება ვადიან თავისუფლების აღკვეთად და ის სასჯელისაგან გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად მოიხდის თავისუფლების აღკვეთის 20 წელს.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია იმ ჯარიმებზე ამნისტიის გავრცელებაც, რომელთა ამსახველი სასამართლოს აქტები მიღებულია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და ჯარიმის აღსრულება ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა ან არასრულად მოხდა. ასეთ შემთხვევაში, ამნისტია გავრცელდება ამნისტიის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აღსრულებული.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორიa ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.