პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ეტაპობრივად ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება, გარკვეული გამონაკლისის გარდა, კერძოდ:
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ეხება:
ა) ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს;
ბ) O1, O2 (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს;
გ) ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე; აღნიშნული ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებიდან და აღარ გამოდის; ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებული პირვანდელი მდგომარეობით და მისი ძირითადი კომპონენტების ტექნიკურ მახასიათებლებს არ განუცდიათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება);
დ) იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ამოღებულია ექსპლუატაციიდან;
ე) სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.
ვ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არ გამოდიან გზაზე (პირობითად: თუ ავტომობილი დგას ავტოსადგომზე რამდენიმე თვის განმავლობაში უძრავად, მფლობელს შეუძლია მას ტესტირება არ ჩაუტაროს, ხოლო როცა გადაწყვეტს ავტომობილის ინსპექტირებას, იგი სადგომიდან ტესტირების ცენტრში აუცილებლად უნდა გადაიყვანოს ევაკუატორის მეშვეობით, რადგან გზაში არ მოხდეს მისი დაჯარიმება).
ტექინსპექტირების ეტაპები:
ა) 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (რვა ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
ბ) 2018 წლის 1-ლი ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები;
გ) 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბურ სანტიმეტრის ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები;
დ) 2019 წლის 1-ლი იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვი) მიხედვით. მაგალითად: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება არის M1 (მსუბუქი) კატეგორიის და მისი რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28/10/2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს 2019 წლის 28 ოქტომბრამდე (ამ ვადის გასვლის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაჯარიმებას დაექვემდებარება).
ავტოსატრანსპორტო საშუალებების (რომლებზეც ვრცელდება გრაფიკი) ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში, პერიოდული ინსპექტირება განხორციელდება რეგისტრაციის შემდგომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
„ინსპექტირების შეუფერხებელი გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ აკრედიტებულ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები ინფორმაციას ცენტრების ადგილმდებარეობის შესახებ მიიღებენ ვებგვერდის – www.pti.ge ან ცხელი ხაზის – 1484 მეშვეობით. ამასთან, კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში დაეხმარებიან. ცხელ ხაზზე დარეკვა დამატებითი გადასახადის გადახდას არ ითვალისწინებს“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
მათივე ცნობით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს შეუძლია მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში. თუ ინსპექტირების გავლისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას აღმოაჩნდა ხარვეზი, მის გამოსასწორებლად მფლობელს ეძლევა 30 კალენდარული დღე (მოიცავს შაბათ-კვირასაც). თუ ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირება ჩატარდება იმავე ცენტრში (მხოლოდ იმაზე, რაზეც დაფიქსირდა ხარვეზი), მომსახურება იქნება უფასო, ხოლო თუ ინსპექტირება ჩატარდება სხვა ინსპექტირების ცენტრში, მაშინ საფასურის გადახდა მოხდება ჩვეულებრივად, დადგენილი წესით. ასევე, ტესტირების სრული ღირებულების გადახდა ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ხარვეზების გამოსწორების ვადა გასცდება 30 კალენდარულ დღეს.
„აღსანიშნავია, რომ ტესტირების დროს დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების ვადაში ავტომობილით სიარული არ იკრძალება (30 კალენდარული დღე).
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს, რათა მაქსიმალურად იქნას ავტომობილების და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები გათვალისწინებული. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება“, – აღნიშნავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.