რომან კაკულიამ ლევან იზორიას მიმართა კითხვით, პარლამენტში გამოსვლისას რატომ არ ისაუბრა რუსეთზე
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მიმართა კითხვით, ვრცელი გამოსვლის დროს რატომ არ ისაუბრა რუსეთზე.
როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ამ თემაზე.
„ბატონო ლევან, მინდა, ასეთი შეკითხვით მოგმართოთ. ცოტა გაოცებული ვარ, მართალი გითხრათ. ორი საათია, ვსაუბრობთ და სიტყვა „რუსეთი“ არ გიხსენებიათ საერთოდ. თქვენ იმედია, არ ხართ დაკომპლექსებული უწყება იმ ძალიან უჩვეულო მოვლენით, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენ ქვეყანაში. კერძოდ – ამ ქვეყანაში არსებობს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუსული ორიენტაციის ძალა, რომელიც იყენებს რუსეთის საფრთხეს საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. ბევრ ადამიანს, რომელსაც ევროპული ორიენტაცია გვაქვს და არ გვინდა, ვიყოთ ასოცირებული ამ ადამიანებთან, თუ პოლიტიკოსებთან. თუმცა ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ეს საფრთხე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თქვენ როგორ უყურებთ ამ თემას”, – მიმართა რომან კაკულიამ თავდაცვის მინისტრს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მოხსენებით გამოდის.