რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა - რას აკეთებთ, რომ საავადმყოფოებში სამუდამოდ დასრულდეს პაციენტების მოთხოვნა, დარეკე თუ შეიძლება, ყურადღება მომაქციონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ პარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ, რამდენიმე კითხვით მიმართა.
რომან კაკულია კლინიკებში არსებული ვითარებით დაინტერესდა.
„სამი შეკითხვა მექნება, პირველი არის გადმოცემა შეკითხვის. როდესაც თქვენთან მოვდიოდი, ერთ-ერთი კლინიკის ჩემთვის მაღალი სანდოობის ადამიანს ვკითხე, რა საკითხს დააყენებდა თქვენს წინაშე, მან მითხრა რომ საკითხი ბევრია, მაგრამ ერთ-ერთ საკითხად დაასახელა კლინიკებისათვის თანხების დაგვიანებით გადმორიცხვა. მაგალითად, ახლა, აგვისტოს გადმორიცხვებს განიხილავენო, როცა კანონით სამი თვე არის ამისათვის და ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში გვაყენებსო, თუ შეიძლება, ამის მიზეზები მითხარით. მეორე შეკითხვა ეხება 520-ე დადგენილებას, თქვენ კი ისაუბრეთ, მაგრამ მე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღე. ბოლოს, რას აკეთებთ თქვენ იმისათვის, რომ საავადმყოფოებში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს პაციენტების მოთხოვნა, დარეკე რა, თუ შეიძლება, ყურადღება მომაქციონ. ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი ჩემთვისაც, როცა მაწუხებს ვიღაცა. მესმის ახლა, იქ ხელფასის ნაკლებობა და ბევრი თემაა, მაგრამ თუ აკეთებთ რაღაცას, იმისთვის რომ პაციენტებისადმი დამოკიდებულების სტანდარტი შეიქმნას, რას აკეთებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დარეკვისა და ნაცნობობის თემა დავამთავროთ ამ ქვეყანაში“, – მიმართა რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრს.