რომან კაკულია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამს არ გასცდეს ლარი, ამ ეტაპზე, ეს უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტი
რომან კაკულია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამს არ გასცდეს ლარი, ამ ეტაპზე, ეს უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტი

ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკა უნდა გაამკაცროს, მივესალმები, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ უნდა განახორციელოს ჩარევა, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ზოგადი პრობლემა, რომელიც ინვესტიციებს, სავაჭრო ბალანსს უკავშირდება. საგარეო მოცემულობა კი, ინვესტიციების მოზიდვის მხრივ პირველი შემაფერხებელი ფაქტორია.

„ამ თემებზე საუბარი ეკონომიკურ პოლიტიკასთან კონტექსტში უნდა მიმდინარეობდეს. ერთ-ერთი გამოწვევა ჩვენი ყოველთვის იყო ეს, ინვესტიციების გარკვეული შეფერხება, რადგან არ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტიის შემქმნელი საგარეო მოცემულობა. ეს არის მთავარი ფაქტორი“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, კაკულიას თქმით, გასათვალისწინებელია მიმდინარე მოვლენები, მათ შორის მეზობელი ქვეყნების ფაქტორი, ასევე გადმორიცხვები და ექსპორტი, რომელიც გარკვეულწილად იზრდება, მაგრამ არ არის საკმარისი ლარისთვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად.

„ეს არის მიმდინარე ფაქტორი, რომელიც საზოგადოებამ უნდა გაარკვიოს არჩევნების დროს, ჩვენს მიერ შეთავაზებული პოლიტიკა ჯობდა თუ პოლიტიკა, რომელიც ამბობს, რომ გააუქმეთ გადასახადები, მოსპეთ ყველანაირი რეგულაციები და ამ საგარეო მოცემულობის ფონზეც აყვავდება ეკონომიკა. ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება საკითხს, რა უნდა გაკეთდეს, უნდა გაამკაცროს კვლავ ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკა. მივესალმები, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს, თუ საჭირო იქნება, კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს ეს ჩარევა“, – აღნიშნა კაკულიამ.

მისი შეფასებით, ე ს იმპორტის შემცირებას გამოიწვევს და ასეთ შემთხვევაში, ბიზნესი ყოველთვის შესაძლებელია, გარკვეული რისკის ქვეშ დადგეს, თუმცა ამ ეტაპზე, სხვა არჩევანი არ არსებობს.

„ვფიქრობ, უმჯობესია, ახლა ვიფიქროთ ახლა ლარის დასტაბილურებაზე, თუმცა ამის ფასი, შესაძლებელია, იყოს გარკვეული წნეხი ბიზნესზე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დასტაბილურება ამ ნაკლოვანებებს გამოასწორებს“, – განაცხადა კაკულიამ.

მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის ჩარევა იყო სწორი და შესაძლოა, ინფლაციაზე ხელშესახები ზეწოლის შემთხვევაში,უწყებას  ამის გამეორებაც მოუწიოს.

ასევე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ეროვნული ბანკის მანდატიც გადასახედია, რადგან მხოლოდ ინფლაციაზე ორიენტირება საკმარისი არ არის.

„არ ვთვლი, რომ სამომავლოდ ეროვნული ბანკის მხოლოდ ინფლაციაზე ორიენტაცია არის საკმარისი. მისი მანდატიც გადასახედია, რადგან ჩვენ ძალიან სპეციფიკური გარემო გვაქვს ბიზნესიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ლარის სტაბილიზაცია მოსალოდნელია ეროვნული ბანკის ჩარევების გამო, ასევე ტურისტული სეზონი ჩვენთან თითქმის სტაბილურია სხვადასხვა სეზონშიც და ვფიქრობ არ უნდა გაიზარდოს.სამი ძალიან რთული ფსიქოლოგიური ეფექტის მქონე ციფრია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამს არ გასცდეს ლარი. ეს ძალიან რთული, ფსიქოლოგიური ბარიერია და ამ ეტაპზე, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ეროვნული ბანკისთვის“, – განაცხადა რომან კაკულიამ.