რომან კაკულია - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ანაკლიის პროექტი შედგეს და რაც შეიძლება, დროულად
დიდი ოპტიმიზმი არავის აქვს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებით, მაგრამ დაველოდოთ ოფიციალურ პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
„მოდი, დაველოდოთ იმ სამინისტროების უშუალო ჩართულობას, რომელთა გადასაწყვეტიც არის. დიდი ოპტიმიზმი, მგონი, არავის აქვს აღნიშნულ კონსორციუმთან დაკავშირებით, მაგრამ მოდით, ოფიციალურად რა პასუხიც იქნება, მერე ჩამოვყალიბდეთ საბოლოოდ, როგორი იქნება სამთავრობო პოლიტიკა სამომავლოდ, რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ისეთი, რომელსაც არ ექნება განვითარების პერსპექტივა. ჩემთვის მთავარი წერტილია, რომ როგორც ეკონომიკას, ისე დანარჩენ სამყაროს, აუცილებლად სჭირდება ეს პროექტი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს პროექტი შედგეს და რაც შეიძლება, დროულად, რომ კონკურენტული უპირატესობა, რაც გააჩნია ამ პროექტს, ყოველწლიურად რისკის ქვეშ დგება და დრო ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რომან კაკულიამ.