რომან კაკულია - ველოდები, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება
რომან კაკულია - ველოდები, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ვარაუდობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული ვითარება დასტაბილურდება.

მისი თქმით, გარკვეული მოლოდინები კურსზე მოქმედებს და დოლარის დეფიციტს ქმნის.

„ზოგადად, ლარის კურსთან მიმართებაში განმეორებადი ინფორმაციები ადამიანს ბეზრდება და თითქოს ეფექტიანობასაც კარგავს, მაგრამ როდესაც საუბარია მოლოდინებზე, ამ შემთხვევაში, სწორედ ამას ჰქონდა ადგილი. როცა ყველა, ვისაც მაგალითად 100 ლარი ჰქონდა გადანახული, ფიქრობს ამითაც კი დოლარი შეიძინოს, რადგან მიმდინარე მოვლენების გამო შესაძლოა, ლარი გაუფასურდეს, ეს ფაქტი მოქმედებს დოლარზე და მის დეფიციტს ქმნის. ეს არ არის გრძელვადიანი მდგომარეობა. დანარჩენი ფაქტორები არ არის დაზიანებული, ამიტომ ველოდები, რომ დასტაბილურდება“, – განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება კითხვას, ლარის გაუფასურების გამო მოსალოდნელია თუ არ საქართველოში ტარიფების ზრდა, კაკულია არ გამორიცხავს, მომავალაში მაგალითად ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას, თუმცა არა კურსის, არამედ გაზრდილი მოხმარებიდან გამომდინარე.

„რაც შეეხება ტარიფს, მისი ზრდა სამომავლოდ გამორიცხული არ არის ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალიან დიდი ტემპებით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. როდესაც შენ ვერ აწარმოებ ელექტროენერგიას, როდესაც იმპორტი ძალიან სწრაფად იზრდება და ამაზე დამოკიდებული ხდები, შეიძლება, ამან მატება გამოიწვიოს, მაგრამ ახლა ამის პირდაპირ თქმა არ შეიძლება. მე არ გამოვრიცხავ. ლარის გაუფასურების გამო ტარიფის ზრდის საჭიროებას ამ წუთას ვერ ვხედავ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ვხედავ ამას გაზრდილი მოხმარებიდან და მისი შეუსაბამო ჩვენი გენერირებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რომან კაკულიამ.