რომან კაკულია - უკრაინის ხელისუფლებას ურჩევნია, საქართველოს სათავეში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, რადგან მათ თანამოაზრეებად მიიჩნევენ
უკრაინის ხელისუფლების შეფასება და წარსულის გახსენება ჩვენ არ დაგვიწყია, ეს თემა უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევამ გამოიწვია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში ამ საკითხზე საუბარს არავინ დაიწყებდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მისამართით წყენა არსებობდა საქართველოს მიმართ მათი საკმაოდ უცნაური დამოკიდებულების გამო.
„ვგულისხმობ საქართველოში ძებნილი ადამიანების უკრაინაში თანამდებობებზე დანიშვნის ფაქტებს. უკრაინაში არის ხელისუფლება, რომელსაც სიმპათიები აქვს საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიმართ. სიმპათიები კი არა, უფრო მეტიც ჰქონდა – წაიყვანა და თანამდებობებზე დანიშნა. ეს ფაქტია, მე ხომ არაფერს ვიგონებ. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ამ ქვეყანაში ურჩევნია, ხელისუფლების სათავეში ეს ადამიანები იყვნენ, რადგან თანამოაზრეებად მიიჩნევს. სამართლიანი დადებითი ემოცია არსებობს მსოფლიოში ზელენსკის მიმართ, ესეც უნდა მივიღოთ. არც ის არის გამორიცხული, რომ ზელენსკის გმირად გამოცხადებით, დასავლეთს სურს იმის კომპენსირება, რასაც, რაღაც მომენტში, ვერ უკეთებენ. ახლა, რა თქმა უნდა, ამ ტალღაზე მოსვლის სურვილი ექნება „ნაციონალურ მოძრაობასაც“, მოგევლინოს, როგორც საყოველთაო სიკეთედ და გმირობად გამოცხადებული ტალღის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ, ხელისუფლებას, პრინციპში, საზოგადოების მხარდაჭერის გარდა, საერთოდ აღარ აქვს აღარავის იმედი“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.