რომან კაკულია - უფლება მქონდა და სხდომა შევწყვიტე, რადგან არ ვაპირებ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავერთო
უფლება მქონდა და სხდომა შევწყვიტე, რადგან არ ვაპირებ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავერთო – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ოპოზიციის უფლება დაირღვა, კომიტეტის ფორმატში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მოსმენის კენჭისყრასთან დაკავშირებით.
„კომიტეტის სხდომა იქნება. შემთხვევით მოხდა, რომ კომიტეტის უმრავლესობის ბევრი წევრი არ იყო. თუ რეგლამენტი დავარღვიე, მე დავარღვიე, თუ მათ, მათ – დაარღვიეს. “ქართული ოცნების” წინააღმდეგ კამპანიაში არ ჩავერთე”, – განაცხადა კაკულიამ.
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელი სხდომა გადაიდო. მიზეზი კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას დაბარების საკითხი იყო.
„ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა, კენჭი ეყარათ გიორგი ქობულიას მოსმენის საკითხზე. რომან კაკულიამ საკითხი კენჭისყრაზე არ დააყენა და სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზად ის დაასახელა, რომ სხდომას უმრავლესობის უმეტესობა არ ესწრებოდა.