რომან კაკულია - დარწმუნებული ვარ, აზარტულ თამაშებზე კანონმდებლობის კუთხით ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელსაც საზოგადოება დადებითად შეაფასებს
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დადებითად აფასებს საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას, 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აზარტული თამაშების რეკლამირება აღარ განახორციელოს.
კაკულიას თქმით, აზარტული თამაშების მიმართ თავადაც კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.
„ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომლის მთავარი მიზანი იქნება, გამოწვევას ვუპასუხოთ. როდესაც საზოგადოება აზარტულ თამაშებში ძალიან დიდ საფრთხეს ხედავს, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ საზოგადოების გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ და არა მხოლოდ ცალსახად ბიზნესზე ვიყოთ ორიენტირებულნი. დარწმუნებული ვარ, კანონმდებლობის კუთხით ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელსაც საზოგადოება დადებითად შეაფასებს“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.
საქართველოს პირველი არხი, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. პირველი არხი ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.