რომან კაკულია - საზოგადოება ასე რომ გახლეჩილიყო, ეს იყო დიდი პროექტი, სპეციალურად მუშაობდნენ ძალები და რომ გვგონია, ტერიტორიის მარტო 20% დავკარგეთ, ამ დროს 60% დავკარგთ ადამიანების ცნობიერების
რომან კაკულია - საზოგადოება ასე რომ გახლეჩილიყო, ეს იყო დიდი პროექტი, სპეციალურად მუშაობდნენ ძალები და რომ გვგონია, ტერიტორიის მარტო 20% დავკარგეთ, ამ დროს 60% დავკარგთ ადამიანების ცნობიერების

ეს არ არის დამოუკიდებელი ოპოზიცია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ოპოზიციის მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არც კი მიუშვეს, „ქართული ოცნების“ ობიექტურ შეფასებაში შესულიყვნენ. იმდენად არეული აქვთ მთავარი ორიენტირი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება გარეთ, მსოფლიოში და როგორ უნდა ვრეაგირებდეთ ჩვენ, ეს პატარა ქვეყანა გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. ეს არ არის დამოუკიდებელი ოპოზიცია, აშკარად. შეიძლება, მათ შორის ბევრია იდეალისტი, რომელიც, დავუშვათ, აიძულეს –  კონცენტრირდი ერთ კონკრეტულ საკითხზეო, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს კიდეც. მაგრამ როდესაც ამ დავალებას გაძლევენ, დავალების მომცემის მოტივაციას თუ არ გაიაზრებ, პოლიტიკურ შეფასებას სწორად ვერ გააკეთებ“, – განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ და „უკვე იქამდე მივედით, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა ის კი არ არის, თუ ვინაა მართალი, არამედ ის, თუ რას ვუპირებთ ერთმანეთს“.

„ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომლამდეც დიდი ხნის განმავლობაში მივდიოდით. ეს არ არის მოვლენა, რომელიც ახლა, უცებ მოხდა. აქამდე მოდიოდა ეს ყველაფერი. იყო ძალები და იყო ძალიან დიდი პროექტი, რომელიც სპეციალურად მუშაობდა, რათა ჩვენი საზოგადოება ასე გახლეჩილიყო. ეს რომ გავიგოთ და შეფასება გავაკეთოთ, დავგუგლოთ მაინც, რას ნიშნავს მენტალური ომები, რომელიც არის ჩვეულებრივი საბრძოლო პროცესი. ჩვენ რომ გვგონია, რომ 20% დავკარგეთ მარტო ტერიტორიის, ამ დროს 60% დავკარგთ ადამიანების ცნობიერების, რომელზეც იმუშავეს. ახლა პარტიზანულ ბრძოლაზე თუ გადავალთ და დავიბრუნებთ ამ ტერიტორიას ადამიანების მენტალობის, თორემ ის დაკარგულია უკვე, მარტო 20% კი არა, 60% დავკარგეთ ადამიანთა ცნობიერების. ამ მენტალური ომის დროს ხდება რაღაცნაირი კამერის ჩამოყალიბება, რომელიც გაუვალია, ერთმანეთს შორის ინფორმაციას აღარ ატარებს და სწორედ ასეთი მდგომარეობაა – შენ ლაპარაკობ და იმას აბსოლუტურად არ ესმის, ის ლაპარაკობს და შენთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენ უნდა ავუხსნათ ეს მდგომარეობა როგორმე. იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა და როგორც არ უნდა მოვექცეთ ერთმანეთს, ასეთი დამოკიდებულებით იმხელა გამოწვევებს, რომელიც გარეთ არის, უბრალოდ, ვერ გავუმკლავდებით“, – განაცხადა რომან კაკულიამ.