რომან კაკულია - საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც ახსოვს ყველაფერი, გამორიცხულია, დაარწმუნო, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არიან პოლიტპატიმრები
საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ახლა სულ სხვა ტიპის გამოწვევები გვიდგას წინ, საერთოდ შევდგებით სახელმწიფოდ თუ არ შევდგებით, ამასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.
გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხსა და საერთაშორისო გამოხმაურებებზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა კულტურის პირობებში პოლიტპატიმრის აღქმა შესაძლოა, განსხვავებული იყოს.
მისივე თქმით, საქართველოს დაახლოებით ორი მილიონი მოქალაქე, ვინც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, შეუძლებელია, დაარწმუნო, რომ ეს ორი ადამიანი არის პოლიტპატიმარი.
„ადამიანის უფლებები სხვადასხვა კულტურაში აღიქმება სხვადასხვანაირად. ჩვენი კულტურის პირობებში, ადამიანები ადამიანების უფლებებს, ამ შემთხვევაში პოლიტპატიმარს, აღიქვამენ სულ სხვაგვარად და შეიძლება არა ისე, როგორც ეს შეიძლება მოხდეს ისლანდიაში ან შვეიცარიაში. თვითონ ამ ადამიანებს, ვინც ახლა ციხეში იყვნენ, 2012 წლიდან მთელი პროცესების გაანალიზების გარეშე არავინ არ აღიქვამს. საქართველოში ნებისმიერი მოქალაქე, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და ეს იყო დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი, ვისაც ახსოვს ეს ყველაფერი, გამორიცხულია, დაარწმუნო, რომ ეს ორი ადამიანი ახლა არის პოლიტპატიმარი. ეს კუბილიუსს არ ემახსოვრება, არც რომელიმე ამერიკელ სენატორს და თუ შენ ამ ამბავს ახლა იმ სენატორს მიუტან კონტექსტის გარეშე, იმ გაგებით, როგორც მაგალითად ისლანდიისა თუ შვეიცარიის კულტურა იცნობს, შესაძლოა, გაყიდო ეს წარმატებით, მაგრამ ეს პირველ რიგში უნდა ჰკითხო საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია.
„მან ბევრჯერ გააოცა საზოგადოება საკუთარი გადაწყვეტილებებით. მინდა, ვიფიქრო, რომ თავისი გაგებით დადებითი მოტივები ამოძრავებდა, რადგან უფლება არ მაქვს, სხვა რამ ვიფიქრო. მაგრამ საზოგადოება თუ ვერ გაგიგებს შენ, მაშინ თუ კუბილიუსი, მთელი დასავლეთი თუ აღმოსავლეთი ამას დადებითად მოეკიდება, ეს ძალიან კარგია. თუმცა საზოგადოებას თუ არ მივეცით შეგრძნება, რომ ჩვენ სახელმწიფო ვართ, უნდა ვიყოთ ძლიერები და მერე სხვებიც გვცემენ პატივს, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს ან რისთვის გვინდა პოლიტიკა? ჩემი აზრით, ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს ვერც უწოდებ ოპოზიციას, რადგან ისინი კი არ ოპონირებენ, არამედ ისინი მტრობენ. მათ იციან, რომ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ ექნებათ და ეს ჩანს მათ ტექსტებში“, – განაცხადა კაკულიამ.
დეპუტატის თქმით, ოპოზიცია აპელირებს ამერიკელ სენატორებზე, ევროპარლამენტარებზე, თუმცა არა იმაზე, როგორი შეიძლება იყოს ქართული საზოგადოების დამოკიდებულება.
„როდესაც ისინი აპელირებენ ამერიკელ სენატორებზე, ევროპარლამენტარებზე და აპელირებენ ყველაზე, გარდა ჩვენი საზოგადოებისა, ეს გასაოცარია. მოგიწოდებენ შენ რამეზე და არ ახსენებენ, როგორი შეიძლება იყოს ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ამ კონკრეტული საკითხის მიმართ. სამწუხაროდ, 2012 წელი ბრუნდება ქვეყანაში ცხრა წლის მერე; საზოგადოებას მოუწევს ისევ არჩევანის გაკეთება. არიან ადამიანები, რომლებიც ზოგი ნებსით და ზოგი უნებლიეთ, არის ბრმა გამტარებელი იმ პოლიტიკის, რაც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს სურთ, გაატარონ საქართველოში. მნიშვნელობა არ აქვს, დასავლეთიდან იქნება, აღმოსავლეთიდან, თუ ჩრდილოეთიდან. საქართველოს უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ჯერ საქართველოს მოსახლეობას ეკითხება მოსაზრებას ყველა თემაზე და მერე აინტერესებს პარტნიორის მოსაზრება“, – განაცხადა კაკულიამ.