ამ ორად გაყოფილ მსოფლიოში, ახალი მსოფლიო დღის წესრიგის ფორმირების პროცესში არის ორი დიდი ტენდენცია და ადამიანები არიან ან ერთი ტენდენციის მხარეს, ან მეორე ტენდენციის მხარეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ოღონდ სხვადასხვა შრეშია ეს ურთიერთობა, ვიღაც წინა ხაზზეა, ვიღაც უკანა ხაზზე და ვიღაც საერთოდ ბოლო ხაზზე, მაგრამ ერთ ტენდენციას ემსახურება. მათი ინტელექტუალური მართვაც ერთი ცენტრიდან ხდება. ჩვენ შემთხვევაშიც ის, ვინც უპირისპირდება რისკების გათვალისწინების პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, არის რისკების იგნორირების პარტია და გაერთიანება. ზოგ მათგანს ეს გულუბრყვილობით მოსდის, ზოგს კიდევ – დავალებით და ამ გაერთიანებას ვინ უხელმძღვანელებს, ამას საზოგადოება შეაფასებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ზერელედ მოვეკიდოთ რამე ტენდენციას, რომელიც შეიძლება, ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ქალბატონი პრეზიდენტი იქნება ეს თუ თქვენ მიერ ჩამოთვლილი ბატონები, საზოგადოების ობიექტურად შეფასების უნარის მქონე ადამიანებისთვის ერთიანდებიან იმ ადამიანებში, რომლებიც ან შეგნებულად, ან დავალებით აიგნორებენ ისეთ ფაქტორებს, რომლებმაც, შეიძლება, ეგზისტენციალურ საფრთხემდე მიიყვანოს ეს ქვეყანა. ამიტომ მათი რიცხვი მინიმუმამდე უნდა შემცირდეს და იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა კაკულიამ.
ამ განცხადებით რომან კაკულიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პოლიტიკური გეგმები შეიძლება ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს და უშვებს თუ არა შესაძლებლობას, რომ ის გახდეს ახალი ოპოზიციური ერთობის ლიდერი, ვთქვათ, გადადგეს წინასაარჩევნოდ თანამდებობიდან, რადგან წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, ნიკა მელიას მომავალი პარტია, „ლელო“, „გირჩი“, „დროა“ და ნიკა გვარამია ერთ ალიანსში აღმოჩნდნენ, თუმცა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამ ალიანსში არ მოიაზრებიან, ამ შესაძლო ერთობას სკეპტიკურად უყურებენ, მმართველი გუნდი კი სავარაუდო ალიანსს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებს და ამ ერთობაში მოქმედ პრეზიდენტსაც ხედავს.
როგორც რომან კაკულიამ ასევე აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი იმ გზით, რომელიც მან გაიარა, არ ჰგავს ისეთ ადამიანს, რომელმაც შეიძლება სახელი ვერ დაარქვას რაიმე მოვლენას და ამიტომ, ფაქტებით, რომლებიც აშკარად უპირისპირდება ხელისუფლების პოლიტიკას და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებებსაც, არ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ეს მას შემთხვევით ან გაუაზრებლობით მოსდის.
„ამიტომ, ძალიან ვწუხვარ, ეს სიტყვა რომ უნდა ვიხმარო, მაგრამ ეს ყველაფერი გარკვეული ტიპის დავალების შესრულების შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს არ არის ის გზაგამოვლილი ქალბატონი, რომელსაც შეიძლება მიამიტური შეცდომა მოუვიდეს და ამიტომ, ამ ყველაფერს დავალების შესრულების სტატუსი აქვს ჩემს თვალში. ამ დავალებების გამცემთა დიდი არჩევანიც არ არის, კაცმა რომ თქვას; შეიძლება, კაბინეტის ნომერი ვერ დავასახელოთ, მაგრამ შეიძლება, არეალი დასახელდეს, მსოფლიოში საიდან ხდება ეს ყველაფერი და ისიც გასაგებია, რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს“, – განცხადა კაკულიამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ისეთი მხარდამჭერი განცხადებები, როგორიც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომ საქართველო არის ღირებული პარტნიორი, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რომ მიესალმება საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე მეტი ვერაფერი ვერ იქნებოდა, თუმცა განცხადებები ისეთი იყო, თითქოს უკრაინის ომი საერთოდ არ მომხდარა.
„ასეთი განცხადებებიც არ მინდოდა ნამდვილად, რომ მომესმინა, მართალი გითხრათ. დარმუნებული ვარ, დახურულ კარს მიღმა ალბათ ეს განხილულიც იქნებოდა, ასე მინდა ვიფიქრო, მაგრამ მენდომებოდა, ეს გარეთ გაკეთებულ განცხადებებშიც ყოფილიყო. იმიტომ, რომ ნატო-ს მხარდაჭერა უკრაინის მაგალითზე რას ნიშნავდა, ეს მთელ საქართველოს აქვს ნანახი. „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის მისი ადეკვატურობა და ის, რომ მან მოახერხა რისკების გათვალისწინება. ამიტომ, მის განცხადებებში ეს მიდგომა რომ არსად არ წასულა, მე მგონი, მათივე ავტორიტეტს ძალიან სჭირდება. ამ განცხადებებში მე ეს ვერ დავინახე, მაგრამ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს კარს მიღმა აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული“, – განაცხადა კაკულიამ.
რომან კაკულიამ ასევე განაცხადა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ევროპული ღირებულებების დაცვის კარგი მაგალითი.
„როცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ევროპისთვის საჭირო ვართ, შეიძლება, მართლა აღმოვჩნდეთ საჭირო, როგორც ძალიან კარგი მაგალითი, სადაც ორი მოცემულობაა შესაძლებელი, სეკულარული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ისეთნაირად, რომ რელიგიური გრძნობები არ იყოს დაცინვის და ზემოდან გადმოხედვის საბაბი, ისევე როგორც რელიგიური მრწამსის ადამიანებმა ასევე ცინიკურად არ უნდა შეხედონ ათეისტებს და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს რწმენა, შეიძლება, არ აქვთ და სულ სხვანაირად აღიქვამენ სამყაროს. ისევე, როგორც შესაძლებელია კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ სად გადის გამოხატვის თავისუფლების ზღვარი და რა არის ზიანის მიყენება. რადგან კულტურული ფაქტორი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ შეგვიძლია, ეს წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა კაკულიამ.