რომან კაკულია - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საზოგადოების წინაშე დაპირების შეუსრულებლობა დიდ საფრთხედ მიმაჩნია
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა ვერანაირად ვერ გაფორმდება ბოლო მომენტში გამძაფრებული ფიქრისა და ანალიზის შედეგად შეცვლილ გადაწყვეტილებად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების წინაშე დაპირების შეუსრულებლობა დიდ საფრთხედ მიაჩნია.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო სრულიად საზოგადოების მოთხოვნა და იყო გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, ასეთი მიდგომა უკვე გააჩენს მთლიანად საზოგადოების სამართლიან მოთხოვნას, რათა გააპროტესტოს უკვე უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარი დაპირებისადმი უპასუხისმგებლო მიდგომით.
სწორედ ასეთ კონტექსტში იქნება განხილული დღევანდელი მოცემულობა. საფრთხეებს ვხედავდი მაშინაც და ვხედავ დღესაც, მაგრამ გაცილებით დიდ საფრთხედ მიმაჩნია დაპირების შეუსრულებლობა საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა რომან კაკულიამ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
მმართველი გუნდის წევრების თქმით, დეპუტატებთან კონსულტაციების მიზანია, ისინი პროპორციული სისტემის მხარდაჭერის მიზანშეწონილობაში დაარწმუნონ.