რომან კაკულია - ქვეყანაში, სადაც დოლარის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო სამუშაოდ წასული ქალბატონების გადმორიცხვებია, არასტაბილურობა ყოველთვის იქნება
რომან კაკულია - ქვეყანაში, სადაც დოლარის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო სამუშაოდ წასული ქალბატონების გადმორიცხვებია, არასტაბილურობა ყოველთვის იქნება

ლარის კურსთან დაკავშირებით საუბრისას ჩვენგან დამოუკიდებელი, თურქეთის ფაქტორის იგნორირება არ შეიძლება, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ,  რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, ლართან დაკავშირებული საკითხის განხილვისას ორი ჭრილი არსებობს – არის თუ არა კონკრეტული ფაქტორი, რომელიც ლარზე მოქმედებს და თუ არის, რას აკეთებს მთავრობა.

„კონკრეტული ფაქტორი, რომელზეც მთავრობას მყისიერი რეაგირება შეეძლოს, ჩემი აზრით, ნამდვილად არ არსებობს. ამიტომ ჩვენგან დამოუკიდებელი, მაგალითად, თურქეთის ფაქტორის იგნორირება არ შეიძლება. ეს გაზვიადებული არ არის. თუმცა ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, სადაც გადმორიცხვები სამუშაოდ წასული ქალბატონების ხარჯზე დოლარის შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ასეთი ქვეყანა ყოველთვის მოწყვლადია და მასში არასტაბილურობა ყოველთვის იქნება. როდესაც საექსპორტო პოტენციალის ზრდა საკმაოდ შეფერხებულია, ინვესტიციების მოზიდვაც საკმაოდ პრობლემატურია, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ შეიძლება თქვას, რომ ეს ხელისუფლების ბრალია და ის ამ მოცემულობას მყისიერად შეცვლიდა, მაგრამ ამისთვის არჩევნები არსებობს“, – განაცხადა კაკულიამ.

კითხვაზე, თუ რატომ უფასურდება ლარი არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების შემდეგ, დეპუტატი ამბობს, რომ ეს ქართული ფენომენია, რომელიც შეიძლება, ეჭვს იწვევდეს.

„ეს ქართული ფენომენია, რომელიც შეიძლება, ეჭვს აღძრავდეს, მაგრამ თუ კონკრეტული ფაქტორი არ გაქვს ხელში, ცხადია, ისევ ეჭვის დონეზე შეიძლება დატოვო“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

ამასთან, მისი თქმით, ამ ეტაპზე არსებული რყევა იმდენად საგანგაშო არ არის, მით უმეტეს, ტურიზმის აღმავალი სეზონია.

„რამე რადიკალურ ცვლილებას ფასებთან და ინფლაციასთან მიმართებაში არ ველოდები. ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაციაა. დარწმუნებული ვარ, თუ ამის საშიშროება იქნება, ეროვნული ბანკი ჩაერევა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.