რომან კაკულია - „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები პარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მოხვდნენ და ყოველთვის უნდა იფიქრონ მათ უკან მდგარ ლეგიტიმაციაზე
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულ ზოგიერთ დეპუტატთან ერთი შეკითხვა აქვს.
როგორც რომან კაკულიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა, შეიძლება, ბევრი შენიშვნა და უკმაყოფილება არსებობდეს, შეიძლება, ბევრი უკმაყოფილო ამომრჩეველიც იყოს, რომელიც გულაცრუებულია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა გადაეწყვიტათ და სხვა მხარეს გადასულიყვნენ.
„სხვადასხვანაირი პოლიტიკური სპექტრია ქვეყანაში – ჩამოყალიბებულია ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის არიან „ქართული ოცნებიდან“ წასულებიც, ყველა სხვადასხვანაირად იქცევა, ზოგიერთს კი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, მათ თითქმის ბრძოლა აქვთ გამოცხადებული „ქართულ ოცნებასთან“. მათთან ერთი შეკითხვა მექნებოდა – ისინი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით შემოვიდნენ ამ პარლამენტში და დღეს ყოველთვის უნდა იფიქრონ მათ უკან მდგარ ლეგიტიმაციაზე. შენ ყოველთვის ვიღაცას წარმოადგენ. როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით შემოდიხარ პარლამენტში, მისი აზრი არ უნდა გაინტერესებდეს, „ქართულ ოცნებას“ თუ ბრძოლას უცხადებ? შეიძლება, ბევრი შენიშვნა და უკმაყოფილება არსებობდეს, შეიძლება, ბევრი უკმაყოფილო ამომრჩეველიც იყოს, რომელიც გულაცრუებულია, მაგრამ არ მგონია, რომ მათ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა გადაეწყვიტათ და სხვა მხარეს გადასულიყვნენ.
ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს – როდესაც გადიხარ პარლამენტიდან, კი, ბატონო, მხოლოდ შენს თავს წარმოადგენ და, რა თქმა უნდა, თავისუფალ ქვეყანაში შეგიძლია, რაც გინდა ის პოზიცია გქონდეს, მაგრამ როცა პარლამენტში რჩები, „ქართული ოცნების“ მანდატით ხარ შემოსული და „ქართულ ოცნებას“ სამტრო-საციცოცხლო ბრძოლას უცხადებ, მაშინ ამბობ, რომ უფრო მეტად ხარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ინტერესების გამომხატველი, ვიდრე დანარჩენი, ჩვენ. ძალიან სარისკო პოზიცია მგონია ეს. როდესაც საკუთარ ლეგიტიმაციას დაადგენ შემდეგ არჩევნებში, მაშინ კი, ბატონო. ეს ყველას არ ეხება, ყველა სხვადასხვანაირად იქცევა. ვინც ტრადიციულად მტრობდა „ქართულ ოცნებას“, მისგან არც მიკვირს და არ ველოდები რეალურ ოპონირებას, რადგან მათი მთავარი არგუმენტი არის ნებისმიერი მოცემულობის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა და ეს არის მათი გაგებით ოპონირება“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.