რომან კაკულია - პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ არიან უმრავლესობაში დასავლეთში, მათ შორის აშშ-ში, ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანონ ადამიანები, რომლებიც მათი ინტერესების პირდაპირი გამტარებლები იქნებიან
პოლიტიკური ძალები, რომლებიც, ჩემი აზრით, არ არიან უმრავლესობაში დასავლეთში, მათ შორის, აშშ-ში, ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანონ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი ინტერესების პირდაპირი გამტარებლები იქნებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
როგორც კაკულიამ აშშ-ის ოთხი კონგრესმენის წერილის კომენტირებისას აღნიშნა, კომპანია „ფრონტერას“ საქმე არის პოლიტიზებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აშშ გვგონია დემოკრატიის სტანდარტი და ალბათ სხვა ქვეყნებთან შედარებით არის კიდეც, აქაც არის, სამწუხაროდ, ისეთი ფარული და არასასიამოვნო მოვლენები, როდესაც ნეგატიური, ტენდენციური პოზიციები თანამდებობის პირებისგანაც ვლინდება. წლების განმავლობაში მე ვიცნობდი ამ კომპანიის საქმიანობას. მათ მიერ გამწარებული, ხელფასგადაუხდელი ადამიანების ისტორიას რომ თავი დავანებოთ, წლების განმავლობაში არსებული ტერიტორია გამოუყენებელია, ძალიან დიდი ილუზიებია შექმნილი შიგნით თუ გარეთ და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა გაზვიადებულ პოლიტიკურ მიზნებს და კიდევ სხვა რაღაცეებს, არ მინდა უფრო მძიმე სიტყვა გამოვიყენო. აქედან გამომდინარე, „ფრონტერას“ სახე საქართველოში გასაგები იყო ყველასთვის, მათი უნარები და მათი რეალურად გაკეთებული საქმეები. ამ გადაწყვეტილებით, რეალურად დიაგნოზი დაესვა იმას, რომ ისინი ამ დავაში არ იყვნენ მართალი. გადაწყვიტა ავტორიტეტულმა დამოუკიდებელმა ინსტიტუციამ და ამის შემდეგ ამ მხარდამჭერებზე რა უნდა იფიქროს ადამიანმა, ყველაზე კარგ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივი და კიდევ უარესი. როგორც ჩანს, მსოფლიოსთვის არ არის უცხო ასეთი ტიპის მხარდამჭერები, რაც სამწუხაროა. პოლიტიკური ძალები, რომლებიც, ჩემი აზრით, არ არიან უმრავლესობაში დასავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანონ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი ინტერესების პირდაპირი გამტარებლები იქნებიან“, – განაცხადა რომან კაკულიამ და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ეს უნდა დაინახოს, „ფრონტერა“ იქნება, თუ სხვა შემთხვევა.
„ძალიან კარგი პირობაა, როდესაც შეიძლება რაღაც ქეისსზე ააგო შენი პოლიტიკური ხედვები, კონკრეტული ქეისი წარმოაჩინა, როგორც დამდასტურებელი და დამასაბუთებელი შენი პოლიტიკური ხედვის, თითქოს „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა, რომელიც ებრძვის ყველაფერ ამერიკულს. ამისთვის თუ გამოგვადგება ეს, რატომაც არა? სამწუხაროა, რომ ისინი ამ საკითხებს ასე იყენებენ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.