რომან კაკულია - ოპოზიციას ნამდვილად არ აქვს ის მუხტი, რაც ადრე ჰქონდა, რომ იგივე რაღაცები გააკეთონ, დროთა განმავლობაში ბევრი რამ ნათელი გახდება, ვინ ვის უკან იდგა და რა მოტივაციებით მუშაობდა ეს ყველაფერი
ამ წუთას მეჩვენება, რომ ოპოზიცია ისეთ მდგომარეობაშია, ვინც ადრე მათი მხარდამჭერი არ იყო, აგრესია ჰქონდა მათ მიმართ, დღეს, მგონი, ხალხს ეცოდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„მგონი, უკვე თვითონაც აღარ იციან, რა უნდა ქნან. მინდა, იმ ადამიანებზე ვილაპარაკო, ვისაც სჯერა იმის, რასაც ისინი ლაპარაკობენ, თორემ ლიდერები გასაგებია. ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა, ის ხალხი არ დავკარგოთ, როგორც საერთოდ ადამიანები, რომლებიც შემდეგ გამოადგებიან ჩვენი ქვეყნის საერთო მშენებლობას. ხელისუფლების ყველაზე დიდი მოვალეობა ეს არის. ოპოზიციას დღეს ნამდვილად არ აქვს ის მუხტი, რაც ადრე ჰქონდა, რომ იგივე რაღაცები გააკეთონ. არ აქვთ დღეს ეს მუხტი. დროთა განმავლობაში, იქ ამერიკის არჩევნები და ბევრი რამ, ისეთ რაღაცებს შეცვლის, რომ ბევრი რამ გახდება ნათელი, ვინ ვის უკან იდგა და რა მოტივაციებით მუშაობდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კაკულიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი უნდა იყოს ხელისუფლების როლი ასეთ ვითარებაში და რა იქნება სწორი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ხელისუფალი მთელი ქვეყნის ხელისუფალია და უნდა იფიქროს, რა მომავალი აქვს ქვეყანას.
„ჩვენ ძლიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს შიგნით. მენტალური დაძაბულობა იმდენად მნიშვნელოვანია, დღევანდელი სიტუაცია რომც გადავაგოროთ, ამას რას ვუშვებით? უნდა გავხსნათ ეს ყველაფერი და გენეტიკა უნდა გამოვააშკარაოთ, რა პროცესია ეს. ჩვენ ახლა გვაქვს უნიკალური ვითარება, როცა ადამიანებმა ადგილის გამოუცვლელად, პრინციპში, ცივილიზაცია შეიცვალეს. ანუ, ერთ ადგილზე მცხოვრები ადამიანები რაღაც მომენტში ეკუთვნოდნენ ერთ ცივილიზაციას და ისეთი პროექტი განხორციელდა, რომ იგივე ადგილზე მცხოვრები იგივე ადამიანები დღეს უკვე, ფაქტობრივად, სხვა ცივილიზაციას ეკუთვნიან. ადგილის გამოუცვლელად ადამიანებმა ცივილიზაცია შეიცვალეს და ეს უნიკალური მოვლენაა. საინფორმაციო ომი იმით განსხვავდება, რომ ეს ნიშნავს ბრძოლას ინფორმაციული ნაკადებისთვის. როდესაც თქვენთვის რაღაც შავი და თეთრი რომ არის, თქვენ იცით, რა არის თეთრი და რა არის შავი, მე კი ვიბრძვი იმისთვის, რომ ის, რაც თქვენ თეთრი გგონიათ, ისე წარმოვაჩინო, ის თეთრი შავი გეგონოთ. მენტალური ომი, იცით, რას ნიშნავს? საინფორმაციო არხებზე კი აღარ იბრძის? მე უნდა შევცვალო თქვენი წარმოდგენა თეთრთან დაკავშირებით. ის, რაც თქვენ ადრე თეთრი გეგონათ, აწი შავი უნდა გეგონოთ. ამიტომ მსოფლმხედველობრივი პარადიგმა უნდა შეიცვალოს ისე, რომ მე ინფორმაციულ ნაკადებზე კი აღარ უნდა ვიმტვრიო თავი, როგორ მოგაჩვენოთ ეს ისე, თქვენს თავში უნდა მოხდეს ასეთი ცვლილება. შენ უნდა შეგეცვალოს მენტალიტეტი“, – განაცხადა კაკულიამ.
მისი თქმით, წინა საუკუნეში, როდესაც ბრიტანეთის იმპერია იმპერიობდა და ერთ-ერთი უნიკალური რამ იყო, კოლონიის საქმეთა მინისტრი ჩემბერლენი ამბობდა: მე მჯერა ჩვენი მმართველი ანგლოსაქსური რასის, მჯერა, რომ ანგლოსაქსური რასა გახდება ისტორიის დომინანტი და შექმნის უნიკალურ ცივილიზაციას.
„ეს მუხტი, რომელიც ჩაიდო იქ, არსად არ წასულა. დღეს რომ ვლაპარაკობთ DEEP STATE-ზე, ანუ სიღრმისეულ სახელმწიფოზე, სიღრმისეული სახელმწიფო რა არის? ეს არის მენტალიტეტი, რომელიც ამ ცნობიერებას ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს, ნებისმიერი მუდმივი გაფართოება და უნივერსალური ცივილიზაციის ჩამოყალიბება. უნივერსალური ცივილიზაციის ჩამოყალიბების პროცესში ამ უნივერსალური ცივილიზაციისადმი მიკუთვნების პროცესი ჩვენს ქვეყანაში რომ ჩაირთო, მაშინ გვეძინა. უბრალოდ, გვეძინა და ვერ ვხვდებოდით, რომ ეს მექანიზმი ჩაირთო. უნივერსალური გამოცდილების მქონე ბრიტანულმა სკოლებმა ეს მექანიზმი ჩართეს, როდესაც ამ ტერიტორიის მიმართ გაჩნდა ინტერესი და ეს მექანიზმი ისე ჩაირთო, ჩვენ რომ გამოვიღვიძეთ, მივხვდით, რომ ჩვენი ადამიანების დიდი უმრავლესობა აქ კი ცხოვრობს, მაგრამ უკვე ანგლოსაქსური ცივილიზაციის ნაწილია თავისი მენტალობით და შეხედულებებით. ჩვენ კი ენაზე, მამულსა და სარწმუნოებაზე რომ ველაპარაკებით, ძალიან გვიან გამოვიღვიძეთ. შეიძლება, ჯობია კიდევაც ის, თუმცა ეგ ცალკე განვიხილოთ, ჯობია თუ არ ჯობია, მაგრამ შენი არ არის. შენ სხვა ცივილიზაციას ეკუთვნი, შენი კოლექტიური ცნობიერი სხვა არის და ის ასე იოლად ვერ მიიღებს ამას. როდესაც ამ პროცესებზე ვლაპარაკობთ, ეს უნდა დავინახოთ ყველაფრის უკან, რადგან მათ დასჭირდათ ეს ტერიტორია, როგორც რუსეთის შეკავების ტერიტორია“, – განაცხადა კაკულიამ.