რომან კაკულია - მიხეილ სააკაშვილზე რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ და ხსენებიდან საერთოდ ამოვიღებთ, უფრო სწორი პოლიტიკა იქნება
რომან კაკულია - მიხეილ სააკაშვილზე რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ და ხსენებიდან საერთოდ ამოვიღებთ, უფრო სწორი პოლიტიკა იქნება

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ნაკლები საუბარი სჯობს.

ჟურნალისტებთან საუბარში რომან კაკულია მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„არ მგონია, მიხეილ სააკაშვილზე რამე ახალი ვთქვა. ვფიქრობ, რომ მასზე რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებთ და თუ ხსენებიდან საერთოდ ამოვიღებთ, ეს უფრო სწორი პოლიტიკა იქნება. მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას მთავარი მხოლოდ ძალადობრივი ნაწილი კი არ იყო, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი იყო მოდერნიზაციისა და ქვეყნის განვითარების ის გეგმა, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობდნენ, ჩემთვის არ არის საინტერესო და მგონია, რომ ბევრი რამე არის დამალული და ართქმული, რომელიც ქვეყნის კულტურისა და გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით სიკეთის მომტანი ვერ იქნება. ჩვენ წინასაარჩევნოდ ამის ახსნაც უნდა მოვახერხოთ. რაც შეეხება ძალადობრივ ნაწილს, ვისაც ამის გაგების სურვილი ჰქონდა, მგონია, რომ ყველამ გაიგო ვისთან და რა სახის მმართველობასთან გვაქვს საქმე. ვითომ, პროგრესთან დაკავშირებული შენიღბული მეთოდოლოგია მიუღებელია ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა კაკულიამ.

7 სექტემბერს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძალა ერთობაშიამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად დაასახელეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინვე პრემიერობის საკითხზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა. მას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.