რომან კაკულია - ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესი განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს
ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესი განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ამ დროისთვის ვითარება საგანგაშო არ არის და სავარაუდოდ, ბაზარი თავად დაარეგულირებს.
„20 პუნქტიანი ცვლილება ყოველთვის არის სხვა, ვიდრე 10 ან 15 პუნქტიანი. ამიტომ ეს პროცესი უკვე განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს. ვერ ვიტყვი, რომ ამ წუთას საგანგაშოა და ბაზრის მიერ თვითონ დარეგულირების პერსპექტივა არ აქვს, დარეგულირების პერსპექტივა ნამდვილად აქვს“, – განაცხადა კაკულიამ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ თუ გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, პარლამენტმა უნდა მოისმინოს ეროვნული ბანკის პოზიცია ლარის კურსთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, პარლამენტში მომავალი კვირიდან უნდა დავიწყოთ ფიქრი, თუ რა ფორმატში მოვისმინოთ ეროვნული ბანკის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რა პროცესებთან გვაქვს საქმე. თუნდაც უფრო მეტი სიმშვიდისა და სიცხადისთვის. ჯერ არავის ვიბარებ, უბრალოდ, ვხედავ საჭიროებას, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და მზარდი იქნა, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობაა საჭირო. ეს უნდა წამოვიდეს ეროვნული ბანკისგან და ჩვენ მას დასკვნების გამოტანაში არ უნდა გადავასწროთ“, – განაცხადა კაკულიამ.
რაც შეეხება ლარის გაუფასურების გავლენას სამომხმარებლო ფასებზე, კაკულიას თქმით, ინფლაციის გარდაუვალი ცვლილების საჭიროება არ ეტაპზე არ იკვეთება.
„ზუსტად მანდ გადის ზღვარი, როდის დგება ეროვნული ბანკის დაბარების საკითხი. დაბარების საკითხი სწორედ მაშინ დგება, როდესაც ვხედავთ ინფლაციის გარდაუვალი ცვლილების საჭიროებას. ამ ეტაპზე, რადგან ეს გამოკვეთილი არ არის, ამიტომ სარწმუნოდ მიმაჩნია ინფორმაცია, რასაც ეროვნული ბანკი ამბობს. პროცესი საყურადღებოა და არავითარ შემთხვევაში, საგანგაშო“, – განაცხადა რომან კაკულიამ.