რომან კაკულია - კულტურის სამინისტროს ფორმირება იმდენად მნიშვნელოვანი პროცესია, ხარჯები რომც გაიზარდოს, ცუდს ვერაფერს ვხედავ
კულტურის სამინისტრო ის დაწესებულებაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ფორმატები, სადაც კონსერვატიული თუ ლიბერალური ღირებულებების ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულებების გამოწვევები გაანალიზებული იქნება და ქვეყანა ამ მიმართულებით წინ გადადგამს ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
რომან კაკულიას თქმით, საპარლამენტო ტრიბუნიდანაც განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც უშუალოდ კულტურას უკავშირდება. ეს არის მთლიანად ტრანსფორმაციის საკითხი, მათ შორის მენტალობის, რომელსაც ფორმატები სჭირდება. ქვეყანაში მიმდინარე თემებიდან ძალიან ბევრი სწორედ კულტურული ტრანსფორმაციის უმართავ პროცესს უკავშირდება. კულტურის სამინისტრო, ჩემი აზრით, პირველ რიგში ამით უნდა დაკავდეს და დღეს მთავარი გამოწვევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ არის. გამოწვევა სხვა რაღაცეებია. ძალიან ბევრი კონფლიქტი, რომელიც ამ ქვეყანაშია, ფილმის ჩვენებიდან დაწყებული, უკავშირდება სწორედ სხვადასხვა ღირებულების მქონე ადამიანების მიერ ერთმანეთთან დამოკიდებულების ფორმატებისა და ფორმის არარსებობას, პრაქტიკისა და შინაარსის არარსებობას ქვეყანაში, რომელიც სპონტანურად მიმდინარეობს. კულტურის სამინისტრო სწორედ ის დაწესებულებაა, რომელმაც ასეთი ტიპის ფორმატები უნდა უზრუნველყოს, სადაც კონსერვატიული თუ ლიბერალური ღირებულებების ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულებების გამოწვევები გაანალიზებული იქნება და ქვეყანა წინ გადადგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ეს სპორტის სამინისტროში ვერ მოხდება, კულტურის სამინისტროში უნდა მოხდეს. დღეს ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა და არა – ერთ-ერთი. დღევანდელ მოცემულობაში, რაც საქართველოში ხდება, თუ მის კულტურულ ჭრილს დავაკვირდებით, კულტურის სამინისტრო ერთ-ერთი ლიდერი სამინისტრო უნდა იყოს, რომელიც ამ პროცესების გაანალიზებას მოახერხებს და ადამიანები ამ თემებზე იმსჯელებენ. ჩვენ დღეს მხოლოდ ტელევიზიები გვაქვს და რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თავპირს ამტვრევენ ერთმანეთს კონსერვატიული და ლიბერალური ღირებულებების გამო. ეს მიუღებელია. ხარჯები რომც გაზარდოს, დაყოფა ჩემთვის გამართლებული იქნება. ჩემთვის კულტურის სამინისტროს ფორმირება იმდენად მნიშვნელოვანი პროცესია, რომც გაიზარდოს ხარჯები, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
კითხვაზე, რას უკავშირებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტიდან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ მისთვის გადადგომის მიზეზი უცნობია.
„გახარია ბევრ რეფორმებს ახორციელებს და იმედი მაქვს, რომ ის არ გაიმეორებს იმ შეცდომას, როდესაც შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეები ტელევიზიით გებულობდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. არ ვფიქრობ, რომ ამ მიდგომის ადამიანია და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი კონსულტაციები იქნება“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.
კითხვაზე განიხილება თუ არა მინისტრის პოსტზე მაია მიმინოშვილი, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ამ თემის განხილვა არ ყოფილა.
„მე ძალიან დიდი პრეტენზია მექნებოდა იმ კანდიდატის მიმართ, რომელიც შესაძლოა, დაინიშნოს კულტურის მინისტრად. მხოლოდ მის გამოცდილებას არ გამოვყოფდი. მის მსოფლმხედველობას შევაფასებდი და მის დამოკიდებულებას ძალიან აქტუალურ საკითხებზე, რომელიც დღეს პრობლემატურია საქართველოში. ის ძალიან დახვეწილი ანალიტიკოსი უნდა იყოს, რომელსაც კულტურასთან და ასეთი ტიპის ქვეყნების ტრანსფორმაციებთან სერიოზული ანალიზის გაკეთება“, – დასძინა რომან კაკულიამ.