რომან კაკულია - კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას მოსმენის აუცილებლობას ვერ ვხედავ
გიორგი ქობულიას მივმართე კითხვით, ექნება თუ არა კომიტეტზე მოსვლის შემთხვევაში რამე ისეთი სათქმელი, რაც სიცხადეს შეიტანს მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მივიღე პასუხი, რომ არა, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, გიორგი ქობულია არ აპირებს იმასთან შედარებით თვისობრივად განსხვავებული განცხადებები გააკეთოს, რაც აქამდე ჰქონდა გაკეთებული.
„ქობულიას მოსმენის აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან ამ შემთხვევაში წასული მინისტრის ანგარიშების მოსმენის ტრადიცია რატომ უნდა შემოვიტანოთ პარლამენტში, ვერ ვხედავთ. მთავარი კითხვა, რის გამოც ითხოვენ ქობულიას კომიტეტის სხდომაზე მოწვევას, როგორც ჩანს, მას ამ თემაზე არაფერი აქვს სათქმელი. სხვა შემთხვევაში მე უკვე ვეღარ ვხედავ ამ მოსმენის აუცილებლობას. ქობულიასგან გარკვეული დადებითი მოლოდინები მქონდა, მაგრამ ეს პრემიერის ინიციატივაა და მას უფლება აქვს გადაწყვეტილება მიიღოს. აუცილებელი არ არის ჩვენი გადაწყვეტილებები ერთმანეთთან აბსოლუტურად ჰარმონიაში იყოს. მე პრემიერის ოპონენტი კი არ ვარ, შეიძლება მისგან განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს, რაც დავაფიქსირე და ეს საკითხი ამით დავამთავრე“, – განაცხადა კაკულიამ.